აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, 20 სექტემბრიდან ქვეყანაში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა დაიბლოკება.
„20 სექტემბრიდან შემდეგი საქმიანობა იკრძალება: აშშ-ში აპლიკაციების ონლაინ-მაღაზიების მეშვეობით WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გავრცელება ან მათი ფუნქციონირების მხარდაჭერა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა, რომლითაც დონალდ ტრამპმა TikTok-ს აპლიკაციის ამერიკულ კომპანიაზე გასაყიდად 45 დღე მისცა. ბრძანების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში დაიბლოკებოდა.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ აჩვენა, რომ აღნიშნული აპლიკაციების აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობები აქვს“.
ამერიკის მთავრობის განცხადებით, TikTok-ის მეშვეობით ჩინეთის მთავრობას ამერიკის მოსახლეობის პირად მონაცემებზე მიუწვდება ხელი.
„იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სოციალური ქსელის ამერიკული სეგმენტის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, 12 ნოემბრიდან აშშ-ის ხელისუფლება TikTok-ის აპლიკაციის მუშაობის შეზღუდვას დაიწყებს“, – დასძინეს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში.